სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ავიაკომპანია T’way Air-ი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია T’way Air-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ავრცელებს.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ, 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით Airbus A330-ის და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის სულ რვა ავიარეისის განხორციელება იგეგმება.
აღსანიშნავია, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური არარეგულარული რეისები 2024-2025 წლების განმავლობაშიც შესრულდა კორეული ავიაკომპანიის, Korean Air-ის მიერ. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 1 077 მგზავრი, ხოლო 2025 წელს – 2 233 მგზავრი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.