თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში NASA-ს ვერტმფრენის ფრენას მარსის ცაში — #1tvმეცნიერება
თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერში NASA-ს ვერტმფრენის ფრენას მარსის ცაში — #1tvმეცნიერება

რამდენჯერმე გადადების შემდეგ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ცოტა ხანში ძალური ძრავით აღჭურვილი მოწყობილობის ფრენა სხვა პლანეტაზე განხორციელდება.

NASA-ს ვერტმფრენი „ინჯენუიტიმარსის ცაში ამ წუთებში ცდილობს ფრენას, მაგრამ მონაცემები მისი თავგადასავლის შესახებ დედამიწაზე რამდენიმე საათის შემდეგ მოვა, რასაც პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვუყუროთ.

„ინჯენუიტი“ წითელ პლანეტაზე თებერვალში ჩავიდა, მავალ „პერსევერანსთან“ ერთად, მის მუცელში ჩამონტაჟებული. ეს მინივერტმფრენი პირველი ამ სახის მოწყობილობაა და პირველი ტექნოლოგიური დემონსტრაცია უნდა გახდეს იმისა, რომ მარსის უკიდურესად თხელ ატმოსფეროში ძალური აგრეგატით აღჭურვილ მოწყობილობათა ფრენა შესაძლებელია.

პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება. მხოლოდ მაშინ შეიტყობს NASA-ს ჯგუფი, დასრულდა თუ არა ვერტმფრენის მცდელობა წარმატებით.

დრონი-ვერტმფრენი სულ რაღაც 1,8 კილოგრამს იწონის და სამეცნიერო ინსტრუმენტებით აღჭურვილი არ არის, რადგან მისი მთავარი მიზანი ფრენის დემონსტრირებაა. გამომდინარე იქიდან, რომ მარსის ატმოსფეროს დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს, „ინჯენუიტი“ აღჭურვილია კორპუსთან შედარებით არაპროპორციულად დიდი როტორული ფრთებით, რომლებმაც წუთში 2500 ბრუნი უნდა შეასრულონ.

4 აპრილს, ეზეროს კრატერში მყოფმა მავალმა „პერსევერანსმა“ ვერტმფრენი მიწაზე ჩამოსვა და შემდეგ გარკვეულ მანძილზე მოშორდა, რათა მის მანევრებს ხელი არ შეუშალოს; ამასობაში, „ინჯენუიტიმ“ მზის პანელებით საკუთარი ბატარეებიც დამუხტა.

ამის შემდეგ დაიწყო ტესტირებები. სამწუხაროდ, 9 აპრილს წარუმატებელი აღმოჩნდა როტორის ბრუნვის სიჩქარის ტესტი, მაგრამ როგორც ჩანს, მკვლევართა ჯგუფმა ხარვეზის გამოსწორება შეძლო.

ისინი ახლა უკვე ოპტიმისტურად არიან განწყობილი და სჯერათ, რომ ვერტმფრენი მარსის ცაში გაჭრას შეძლებს.

„წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვიცით ისიც, რომ შეიძლება შეფერხება კვლავ შეიქმნას. ინჟინერიაში ყოველთვის არის გაურკვევლობის შანსი, მაგრამ სწორედ ამით არის მოწინავე ტექნოლოგიებზე მუშაობა ასე ამაღელვებელი და სასიამოვნო“, — ამბობს პროექტის მენეჯერი, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ინჟინერი მიმი აუნგი.

პირდაპირი ეთერი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ბმულზე.