თურქული მედია - სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის
თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის.
თურქული პრესა იუწყება, რომ დაშავებულთა შორის სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეებიც არიან.
სასტუმრო „ლეო გრანდი“ ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.
შსს-ს ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.