თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ჯამალ ხაშოგის დანაწევრებული სხეული თურქეთიდან ჩემოდნებით, სავარაუდოდ დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამოყენებით გაიტანეს
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ჯამალ ხაშოგის დანაწევრებული სხეული თურქეთიდან ჩემოდნებით, სავარაუდოდ დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამოყენებით გაიტანეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დანაწევრებული სხეული თურქეთიდან ჩემოდნებით, სავარაუდოდ დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამოყენებით გაიტანეს.

ჰულუსი აკარის თქმით, ჯერ საუბარი მხოლოდ სავარაუდო სცენარებზეა, რადგან დანაშაულში ბრალდებულებმა თურქეთი მკვლელობიდან სამ-ოთხ საათში დატოვეს და დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი. თურქული გაზეთი Yeni Safak-ი წერს, რომ საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის კვალის დასაფარად, სტამბოლში ლიბანიდან ოთხკაციანი ჯგუფი ჩავიდა. როგორც გამოცემა წერს, ჯგუფი პალესტინელმა მუჰამედ დალჰანმა გაგზავნა, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსია და 2011 წელს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია „ფათჰი“-დან გარიცხეს.

თურქული გაზეთი დალჰანს აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცის, შეიხ მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანისთან დაახლოებულ პირად ასახელებს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს.