გაერო-ს გამომძიებლები - ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს
გაერო-ს გამომძიებლები - ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს

ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს გაერო-ს გამომძიებლებმა, რომლებიც საქმეს ადგილზე, სტამბოლში გაეცნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელ აგნეს კალამარდის თქმით, The Washington Post-ის ჟურნალისტი არაბული სამეფოს მაღალჩინოსნების მიერ წინასწარ დაგეგმილი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლია. ამასთან ერთად, გაერო-ს ექსპერტმა აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში თურქეთი საუდის არაბეთის მხრიდან საკმაოდ შეზღუდული იყო.

გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის შესასწავლად სტამბოლს რამდენიმე კვირის წინ ესტუმრა. მათ საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის უფლება ვერ მოიპოვეს, თუმცა თურქი გამომძიებლების მიერ მოპოვებული აუდიომასალა დეტალურად შეისწავლეს.

საგამოძიებო ჯგუფი საბოლოო დასკვნას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე 2019 წლის ივნისში წარადგენს.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს 2018 წლის 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ The Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციალურმა ერ-რიადმა აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგი დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე მოკლეს.

დატოვე კომენტარი