გაერო-ს ექსპერტები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში არ შეუშვეს
გაერო-ს ექსპერტები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში არ შეუშვეს

გაერო-ს ექსპერტები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში არ შეუშვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან.

საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგატებმა დიპლომატიური უწყების მხოლოდ გარედან დათვალიერება და შესწავლა მოახერხეს.

გაერო-ს წარმომადგენელი ანიეს კალამარი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტი თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესასწავლად იმყოფებიან. მათ უნდა დაადგინონ, რამდენად დამოუკიდებლად მიმდინარეობს გამოძიება.

დელეგაციის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესიაზე 2019 წლის ივნისში წარადგენენ.

საკონსულოს ტერიტორიაზე მისვლამდე, გაერო-ს ექსპერტები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიიღო. უახლოეს საათებში კი, საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგატები თურქეთის იუსტიციის მინისტრსა და სტამბოლის გენერალურ პროკურორს შეხვდებიან.

The Washington Post-ის ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2018 წლის ოქტომბერში ესტუმრა, მას მერე ხაშოგი გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ ოფიციალურმა ერ-რიადმა აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში  მოკლეს. მოგვიანებით, საუდის არაბეთში ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 11 პირი დააკავეს.