რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს კვლავ სურს, გაიგოს, ვინ გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს კვლავ სურს, გაიგოს, ვინ გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება

საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ თურქეთს კვლავ სურს გაიგოს, სად არის მისი ცხედარი და ვინ გასცა მისი მოკვლის ბრძანება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ანკარა კვლავ მიმართავს ძალისხმევას იმისკენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სიმართლე გაირკვეს. ერდოღანის თქმით, როგორც ჩანს, ხაშოგის მკვლელები მართლმსაჯულებას თავს არიდებენ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ანკარა საუდის არაბეთს კვლავ მეგობრად და მოკავშირედ განიხილავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება დუმილს შეინარჩუნებს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობას პრესაში ხშირად აკრიტიკებდა, ბოლოს 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს. წინასწარი გამოძიების შედეგად, ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს, მისი ცხედარი კი, დაანაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოს შენობიდან. ცხედარი აღმოჩენილი დღემდე არ არის. ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში საუდის არაბეთში 11 ეჭვმიტანილი დააკავეს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ხელისუფლება აცხადებენ, რომ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა. თავად პრინცი ოპერაციის ჩატარების ბრძანების გაცემას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ როგორც ქვეყნის მმართველს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება.