აშშ-ის სენატმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის პრინცს დააკისრა
აშშ-ის სენატმა  ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის პრინცს დააკისრა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის პრინცს დააკისრა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია The Washington Post-ის ჟურანლისტის მკვლელობას გმობს და პასუხისმგებლობას ახლო აღმოსავლეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს აკისრებს.

აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იემენის სამოქალაქო ომში საუდის არაბეთის ჩარევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს.

შეგახსნებთ, ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში უმრავლესობა კვლავ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რეზოლუციების მიღებით, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას კონგრესი პირველად დაუპირისპირდა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცის პასუხისგებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის სამეფოსთან მჭიდრო პარტნიორობის გაწყვეტაზე უარს აცხადებს.

სენატის მიერ მიღებული რეზოლუციები ახლა საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას გადაეცემა. სენატი დოკუმენტებს 2019 წლის პირველ თვემდე არ განიხილავს. დონალდ ტრამპს რეზოლუციაზე ვეტოს დადება შეუძლია. ამიტომ, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტები რეალურად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს.