თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატის დღევანდელი შეხვედრა ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯან-სომხეთის საკითხზე, არამედ მთელ რეგიონზე
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატის დღევანდელი შეხვედრა ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯან-სომხეთის საკითხზე, არამედ მთელ რეგიონზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს სტამბოლში გაიმართება, ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯან-სომხეთის საკითხზე, არამედ მთელ კავკასიის რეგიონზე.

მისი თქმით, ჰეგემონური ძალის დალოდების ნაცვლად, რეგიონის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად.

როგორც ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, ანკარა აფასებს პლატფორმას და რეგიონულ ინიციატივებს „რეგიონული საკუთრების“ ფარგლებში.

„3+3“ ფორმატი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით შეიქმნა. მასში სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, ასევე, ირანი, თურქეთი და რუსეთი შედიან. ინიციატივა ერდოღანმა პირველად 2020 წელს გააჟღერა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, ხოლო მეორე – 2023 წელს თეირანში. საქართველო არცერთ შეხვედრას არ დასწრებია. მოლაპარაკებებში საქართველო ამჯერადაც არ მიიღებს მონაწილეობას.