რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ გაერო-ს მიერ ინიცირებული იარაღის ემბარგოს ისრაელის წინააღმდეგ გამოყენება ეფექტური იქნებოდა საერთაშორისო სამართლის დარღვევების შესაჩერებლად
გაერო-ს მიერ ინიცირებული იარაღის ემბარგოს გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ ეფექტური იქნებოდა საერთაშორისო სამართლის დარღვევების შესაჩერებლად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში 3+3 ფორმატის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელი პროვოკაციულად მოქმედებს რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გასაზრდელად და რეგიონული ომი დღითი დღე ახლოვდება. რაც შეეხება ისრაელისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესებას, ერდოღანის თქმით, ეს იქნება ეფექტური ზომა აგრესიის შესაჩერებლად და თურქეთი გააგრძელებს ამაზე საუბარს ყველა პლატფორმაზე.
აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის ფარგლებში, ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმისადმი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული საკითხების გადაჭრას დიალოგის გზით. ასევე, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის პროცესი და რეგიონული და გლობალური საკითხები.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ძალისხმევისთვის.
„სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაცია მდგრადი მშვიდობისკენ იმედის მომცემია“, – განაცხადა ერდოღანმა.