თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და სტაბილურობის ადგილად გადაიქცეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და სტაბილურობის ადგილად გადაიქცეს

გაჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და სტაბილურობის ადგილად გადაიქცეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის სასიკეთოა.

„გაჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და სტაბილურობის ადგილად გადაიქცეს. რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის სასიკეთოა. 2020 წლის ნოებრის შემდეგ ამისთვის ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ სხვა რეგიონების ქვეყნებმა ასევე დაუჭირონ მხარი ისეთ პროექტებს, როგორიცაა ზანგეზურის დერეფანი, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა ფიდანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.