თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დადგა დრო, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დადგა დრო, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს

დადგა დრო, რომ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განცალკევდეს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჰაქან ფიდანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მხარეებმა უკვე მიაღწიეს იმ მაქსიმალურ შედეგებს, რომელთა მიღწევაც ომით შეუძლიათ.

ფიდანის განცხადებით, ახლა დროა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.

„ეს არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხისგან განცალკევდეს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ევროპის შუაგულში ომი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს.

„21-ე საუკუნეში ხუთასი ათასი ადამიანის სიკვდილი და მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განადგურება არის ის რეალობა, რომელთან შეგუებაც მეტ ხანს შეუძლებელია“, – განაცხადა ფიდანმა

კითხვებზე პასუხისას ჰაქან ფიდანმა თქვა, რომ ანტალიაში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო სამშვიდობო პროცესი კავკასიაში, ნაოსნობის უსაფრთხოება შავ ზღვაში და სირიასთან დაკავშირებული თემები.