თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ ჰაქან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კვლავ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ.

თურქი დიპლომატის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

როგორც ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის სრული სიმძლავრით რაც შეიძლება მალე ამოქმედების აუცილებლობა.

„ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სწრაფვა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პროექტების საშუალებით თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.