„თუ მერაბიშვილთან მიმართებით კანონი დაირღვა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა“
„თუ მერაბიშვილთან მიმართებით კანონი დაირღვა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა“

თუ პატიმარ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით ვინმემ კანონი დაარღვია, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი უდანაშაულოა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, სასჯელი მოიხადოს ადამიანმა, რომელმაც მერაბიშვილის მიმართ კანონი დაარღვია. როგორც აბაშიშვილი ამბობს, კონკრეტული პირების გადაცდომების გამო, სახელმწიფოს არ უნდა უხდებოდეს ბოდიშის მოხდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში არაფერი გაკეთდა იმ ადამიანების დასასჯელად, რომელთა გამოც დღეს სახელმწიფოს უხდება ბოდიშის მოხდა. არ ვიცით არცერთი იმ ადამიანის სახელი, რომელმაც პატიმარ მერაბიშვილთან მიმართებით კანონი დაარღვია. ამ ადამიანები გამო, სახელმწიფო იხდის ბოდიშს. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში აძლევდნენ ადამიანები თავს უფლებას, გადაემეტებინათ სამსახურებრივი მოვალეობებისთვის და სწორედ ამას გადაყვა „ნაციონალური მოძრაობა“.  სამწუხაროდ, დღეს იგივე ტენდენცია გრძელდება“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის თავდაპირველად საფუძვლიანი წინასწარი პატიმრობა, მოგვიანებით, უკანონოდ გამოიყენეს, როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალება.

სასამართლომ არ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება ძირითადად მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას უკავშირდებოდა. თუმცა სასამართლომ წინასწარი დაკავების პერიოდში მისი საკნიდან ფარულად გაყვანა და გვიან ღამით დაკითხვა საფუძვლიანად და შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია.