საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.
ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხებათ მინისტრებს, შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარიაა წარდგენილი.
ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ინიშნება, რომელიც ამჟამად საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია.
განათლების სამინისტროს და სპორტის სამინისტროს ნაწილის გაერთიანების შემდეგ, მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც ამჟამად თსუ-ს პრორექტორია.
კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს ნაწილის გაერთიანებულ სტრუქტურას მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შერწყმის შემდეგ, მინისტრი თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანების შემდეგ, მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ იქნება.
მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების პაკეტი მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
როგორც პრემიერმა დღევანდელ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა დარწმუნებულია, რომ რეფორმები და ცვლილებები პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე.
ნდობის გამოცხადების პროცედურა დეკემბრის დასაწყისში დაიწყება და სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება.