თსუ-ში დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემის – „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

თარგმანები ირმა ოსია-კინწურაშვილსმინაზ ლაზბას, ლარისა ტუპწაყვასა და ნაირა ბეპიევას ეკუთვნით. წიგნი იორდანიაში დაიბეჭდა.

პოემა „ჯაკომო პონტი“ უკვე ნათარგმნია არაერთ ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, შვედურად, თურქულად და იტალიურად. პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

პოემის აფხაზურად მთარგმნელის ირმა ოსია-კინწურაშვილის თქმით, კრებული აფხაზეთშიც გაიგზავნა.

„როგორც ვიცით, აფხაზური არის მეორე სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მას სჭირდება გაფრთხილება, დახმარება, განვითარება. ყველაფერი, რაც ითარგმნება ქართულიდან აფხაზურზე ან აფხაზურიდან ქართულზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისთვის. დათო მაღრაძის წიგნის თარგმანი გავაგზავნე ჩემიანებთან აფხაზეთში. მათ წაიკითხეს და ძალიან მოეწონათ“, – განაცხადა პოემის აფხაზურად მთარგმნელმა ირმა ოსია-კინწურაშვილმა.

თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, „ჯაკომო პონტის“ ოსურ ენაზე მთარგმნელის, ნაირა ბეპიევას თქმით, „პოემას აქვს მაღალი საკაცობრიო ღირებულებები, რაც ყველასთვის საერთოა“.

„თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გამოვეცით ოსი მწერლები ქართულ ენაზე, თანამედროვე მწერლების მოთხრობები, ასევე, ვთარგმნეთ კლასიკოსები. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ის, რომ ჩვენ ამ ენებზე თარგმანები წარმოვადგინეთ, ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს, თანამშრომლობას ოსებთან, აფხაზებთან, ჩერქეზებთან და კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეისათვის“, – განაცხადა ბოპიევამ.

„ჯაკომო პონტი“ დღემდე თარგმნილი იყო მრავალ ენაზე; გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და სხვა ენებზე. ახლა კი მას შეემატა კავკასიაში მცხოვრებთა ენებზე თარგმანები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა (ირმა ოსია-კინწურაშვილმა, ნაირა ბეპიევამ) კოლეგებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებით რეალობას – შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ამ ხალხებს შორის კვლავაც წარმატებით გრძელდება.

„ჯაკომო პონტი“ ნათარგმნია აფხაზების, ოსების და ჩერქეზების ენებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რთულმა პერიოდმა ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორა. აუცილებელია კულტურული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ,“- აღნიშნა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

პოეტ დათო მაღრაძის თქმით, „წიგნი არ ეხება ხალხთა მეგობრობას; იგი ეხება ხელოვანის თავგადასავალს ძალადობრივ სახელმწიფოში, აგრესიულ-პროვინციული გარემოთია შეზავებული“.

„მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოსურად ეთნიკურმა ოსებმა თარგმნეს, აფხაზურად- ეთნიკურმა აფხაზებმა, ჩერქეზულად- ეთნიკურმა ჩერქეზებმა. ეს არ არის ქართული ინიციატივები, ეს არის სახელოვნებო სამყაროს წიაღში გაჩენილი ბუნებრივი მოთხოვნილება და იმედია, საინტერესო იქნება, აფხაზი, ოსი ჩერქეზი, კავკასიელი მკითხვლეისთვის, ისევე როგორც ამერიკელისთვის, უნგრელისთვის, თურქისთვის, იტალიელისთვის“, – აღნიშნა მაღრაძემ.