დავით მაღრაძე - როცა ნაციონალურ ინტერესებს აყენებ ყველაფერზე მაღლა, პრინციპულ პოზიციას იჭერ, არ დგები ცალ ფეხზე და ამ ფონზე მოიპოვებ დადებით რეკომენდაციას, დოკუმენტსაც მეტი ფასი ეძლევა
დავით მაღრაძე - როცა ნაციონალურ ინტერესებს აყენებ ყველაფერზე მაღლა, პრინციპულ პოზიციას იჭერ, არ დგები ცალ ფეხზე და ამ ფონზე მოიპოვებ დადებით რეკომენდაციას, დოკუმენტსაც მეტი ფასი ეძლევა

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების დამსახურებით, განზრახვით და ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართულმა ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად დაიჭირა მტკიცედ გამოხატული პოზიცია, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კულუარებიდან გაჟონა მეორე ფრონტის საკითხმა, ხმამაღლაც მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და ახლა იძენს ძალიან მნიშვნელოვან ფასს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც უარს ამბობს მეორე ფრონტზე და ჩვენს ახალგაზრდობას, ქვეყანას არ წირავს. რომელიმე სხვა ქვეყანამ სამომავლოდ კომფორტი იგრძნოს და საქართველო შევწიროთო, ასე არ მიაჩნია. ნაციონალურ ინტერესებს აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ ებმება ამ ომში, არ უერთდება სანქციებს, რომელიც ქვეყანას თვითდაზიანებას მოუტანს, პრინციპულ პოზიციას იჭერს, არ დგება ცალ ფეხზე, ორ ფეხზე აგრძელებს დგომას და საუბარს პარტნიორთან. როცა ამ ყველაფრის ფონზე მოიპოვებ დადებით რეკომენდაციას, ემოციას, განცდას მეტი სიმძაფრე ენიჭება და თვითონ ამ დოკუმენტსაც მეტი ფასი ეძლევა თითოეული მოქალაქის შეგნება-შემეცნებაში“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არსებობს, არა მხოლოდ ევროინტეგრაციის, არამედ ნაციონალური ინტერესების დაცვის და ამ ინტერესების პირველხარისხოვან სიმაღლეზე დაყენების გზაზე.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზა უკვე განისაზღვრა, ხელისუფლების მხრიდანაც და ხალხის მხრიდანაც, მთავარია, გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს, რადგან ევროპას ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემა უდგას.

„ევროპას ძალიან დიდი პრობლემა უდგას ამ მხრივ, ჩვენი ცივილიზაციის პრობლემა დგას“, – განაცხადა მაღრაძემ.

დავით მაღრაძის თქმით, ევროპამ მოახერხა, თავისი სულიერი თავგადასავალი ყოფითი კულტურის ენაზე ეთარგმნა და შექმნა თანაცხოვრების კულტურის სივრცე.

„ჩვენც ახლა ამ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯის გადადგმა თუ გვინდა, თანაცხოვრების სივრცე უნდა შევქმნათ. ვინც ვერ ეწერება ამ თანაცხოვრების კულტურაში და საკითხს ასე აყენებს – გინდათ თუ არა, პრემიერ-მინისტრად თუ არ დამსვამთ, დანარჩენს არაფერს არ ვეგუებიო, ე.ი. შენ თანაცხოვრების კულტურას არ იცნობ და უნდა გამოეთიშო პოლიტიკურ პროცესს. ამ ხალხზე ამდენი ყურადღების გამახვილება აღარ ღირს, რადგან ეს უკვე ინერციაა. გამოჩნდა, რომ დოკუმენტი ამ ხელისუფლების პირობებში შედგა, თურმე ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯი წინ გადაიდგა და ეს დაინახა ევროკომისიამ, რომელმაც ევროკავშირს შესთავაზა, ამ ხალხმა და ამ ხელისუფლებამ ეს დაიმსახურაო. ახლა რაც არ უნდა მოინდომო და რაც არ უნდა ტელევიზია დაგიფინანსონ, ამ გზაზე ხელისუფლებასა და ხალხის განწყობას შორის ვერანაირ ნაპრალებს ვეღარ იპოვი. ევროინტეგრაციის პროცესი ხალხსაც და ხელისუფლებასაც ერთნაირად აღელვებს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.