დავით მაღრაძე - მინდა, აშშ-ის ახალ ელჩს ვუსურვო, წინამორბედისგან განსხვავებით, ნუ დარჩება ჩაკეტილ წრეში, ის წრე ილუზიით იკვებება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების, ქართველი ხალხის გარეშეც შეუძლია
დავით მაღრაძე - მინდა, აშშ-ის ახალ ელჩს ვუსურვო, წინამორბედისგან განსხვავებით, ნუ დარჩება ჩაკეტილ წრეში, ის წრე ილუზიით იკვებება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების, ქართველი ხალხის გარეშეც შეუძლია

საქართველოში პოლარიზაცია არ არის, – ასე უპასუხა პოეტმა, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად რეალისტურია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე დეპოლარიზაციის მიღწევა, რაზეც მუდმივად მიდის საუბარი.

„რომელი ექსპერტი ხედავს პოლარიზაციას, როცა ოპოზიცია სამ კაცს ვერ კრებს? ამ წუთას არ ჩანს პოლარიზაცია, თუ გამოჩნდება, მერე ვისაუბროთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის თანაბარი და არც მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალები. ოპოზიციის მხარდამჭერები არ ჩანან. ჩვენთან ხომ არიან „ნაცები“ და ევროპარლამენტშიც არიან მათი მოკავშირე „ევრონაცები“, ვინც თავი ძალიან დაგვამახსოვრა, კუბილიუსი, კრამონი და ვიღაცები, აღარ მახსოვს მათი გვარები. მოკლედ, არიან „ევრონაცები“, რომლებიც მუდამ ითხოვენ ამ დეპოლარიზაციას, მაგრამ მითხარით, პოლარიზაცია სად არის, რომლის დეპოლარიზაციაც უნდა მოხდეს?“ – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არ იგრძნობა.

„რომელიღაც პოლიტიკოსი რომ ბრიფინგს ატარებს და უკან რამდენიმე კაცი უდგას, მეტი მხარდამჭერი არც იდეაში ჰყავს და არც რეალობაში, ეს პოლარიზაცია არ არის“, – განაცხადა მაღარაძემ.

დავით მაღრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებს აქვთ ილუზია, თითქოს არჩევნების, ქართველი ხალხის გარეშეც შეუძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და კარგი იქნება, თუ აშშ-ის და ევროპის განვითარებული ქვეყნების საელჩოებიდან მათ მიმართ იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ეს ასე ვერ მოხდება.

„აშშ-ის ახალი ელჩი, როგორც ვიცი, საქართველოში უკვე შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ეს ძალიან კარგია და მივესალმები. მინდა, წარმატება ვუსურვო და ვუსურვო, იქნებ, წინამორბედისგან განსხვავებით, გააფართოოს საურთიერთობო წრე. ძალიან ჩაკეტილ წრეში ნუ დარჩება, რადგან ის ჩაკეტილი წრე შემდეგ ილუზიით იკვებება, რომ არჩევნების, ქართველი ხალხის გარეშეც შეუძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ მკაფიო გზავნილი როდესაც იქნება აშშ-ის და ევროპის განვითარებული ქვეყნების საელჩოებიდან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოხვალთ, თუ ქართველმა ხალხმა არ აგირჩიათ, თუ ეს მათ მკაფიოდ აუხსნეს, დამშვიდდებიან და დაიწყებენ არჩევნებისთვის ზრუნვას“, – განაცხადა მაღრაძემ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ევროპა, რადგან ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა და, ამავდროულად, ვხედავთ განსხვავებული პოზიციის მკვეთრ მიუღებლობას საზოგადოების ნაწილში, დავით მაღარაძემ განაცხადა, რომ მთქმელი თუ ნათქვამს არ ჰგავს და ნათქვამსა და მთქმელს შორის შინაარსობრივი კავშირი არ არის, მთქმელი მხოლოდ თავისივე ნათქვამის დისკრედიტაციას ახდენს.

„როდესაც შენ თვითონ არ გავხარ ნათქვამს, ამ ნათქვამის და თემის მიმართ პოზიტიურად ვერავის განაწყობ. როცა შენსა და ევროპას შორის არანაირი კავშირი არ იკითხება, რომელ ევროპას ეძებ, რომელი ევროპა დაგეკარგა, რომელი მოისაკლისე საქართველოში და რომელს ატარებ, რომ ადამიანებს გაუზიარო?“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.