ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. ლიბიური პორტალის Al-Wasat-ის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების გამო 560-მდე ადამიანია დაშავებული. შეტაკებების დროს საცხოვრებელი რაიონები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება 26 აგვისტოს დაიწყო. ერთმანეთს ქალაქ ტარჰუნას მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ე.წ. მეშვიდე ქვეითი ბრიგადა და სამხედრო დაჯგუფება „ტრიპოლის რევოლუციონერები“ ებრძვიან. „მეშვიდე ქვეითი ბრიგადა“ საკუთარ თავს ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის თავდაცვის სამინისტროს უკავშირებს, „ტრიპოლის რევოლუციონერები“ კი ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედიან.
„მეშვიდე ქვეითი ბრიგადის“ წევრები ამბობენ, რომ ტრიპოლიში მყოფი მოწინააღმდეგე ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და კორუფციაშია ჩართული.
2011 წელს მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბია კრიზისშია. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. ლიბიის დასავლეთს, დედაქალაქი ტრიპოლის ჩათვლით, გაერო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. აღმოსავლეთს კი ქალაქ ტობრუკში საკუთარი პარლამენტი აქვს.