ტრამპმა აშშ-ის ცენტრალური ბანკი გააკრიტიკა და ეკონომიკის წახალისებისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ზრდა დაუწუნა და ეკონომიკის წახალისებისკენ მოუწოდა.
ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არ გაუხარდა, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემის (რომელიც ამერიკაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს) ხელმძღვანელმა, ჯერემი პაუელმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ტრამპის თქმით, ცენტრალურმა ბანკმა მეტი უნდა გააკეთოს ეკონომიკის წასახალისებლად.
“როდესაც მან (პაუელმა) საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, არ გამხარებია“,- განუცხადა ტრამპმა Reuters-ს. ჯერემი პაუელი ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის პოსტზე გასულ წელს თავად ტრამპმა წარადგინა.
როგორც ცნობილია, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ფედერალურმა რეზერვმა ეკონომიკის წასახალისებლად საპროცენტო განაკვეთი თითქმის გაანულა და ზრდის პოლიტიკაზე მხოლოდ 2015 წლის ბოლოს ძალიან ფრთხილად გადავიდა. თუმცა, ქვეყანაში ინფლაციამ ივლისში 2.9 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის პარალელურად, უმუშევრობის დონე 3.9 პროცენტს შეადგენს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი წელს უკვე ორჯერ გაზარდა და მომავალ თვეში იგივეს აპირებს, რითაც პრეზიდენტის უკმაყოფილება დაიმსახურა.
როგორც წესი, აშშ-ში პრეზიდენტები ცენტრალური ბანკის კრიტიკას ერიდებიან, რადგან ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა ეკონომიკის სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად ითვლება. შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ამ პრაქტიკას გადაუხვია და განაცხადა, რომ რომ თუ ფედერალური რეზერვი გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, იგი კრიტიკას არც მომავალში მოერიდება.
ტრამპმა ინვესტორები ჯერ კიდევ გასულ ივნისში შეაშფოთა, როდესაც ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა. Reuters-ისთვის ორშაბათს მიცემულ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების მიმართ უფრო დამთმობი უნდა იყოს.
ინტერვიუს მსვლელობისას, ტრამპმა ჩინეთი და ევროპა საკუთარი ვალუტებით მანიპულირებაშიც დაადანაშაულა. მისი განმარტებით, ევროპა და ჩინეთი ვალუტის ხელოვნურად გაუფასურებით იმ ზარალის შევსებას ცდილობს, რაც აშშ-ის მიერ იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებით მიადგათ.
თუმცა ტრამპის აზრით, როდესაც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები სავაჭრო მოლაპარაკებების დროს თავისი მოქმედებით საკუთარ ქვეყნებს ხელს უწყობდნენ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი ამას არ აკეთებდა.
ტრამპის Reuters-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, შტატების საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა და დოლარი მთავარი სავალუტო კალათის მიმართ გაუფასურდა.
ფედერალურმა რეზერვმა ტრამპის ინტერვიუზე კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა გასულ თვეში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას დამოუკიდებლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და ტრამპის ადმინისტრაციიდან ზეწოლა არ უგრძვნია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპის კრიტიკა ცენტრალური ბანკის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.