„ბიბისი“ - აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან საათნახევარში შეაჩერა
„ბიბისი“ - აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან საათნახევარში შეაჩერა

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრიდან საათნახევარში შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, 25 ივლისს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება 91 წუთში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სატელეფონო საუბრის გამო დააყენეს დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი. მათი მტკიცებით, ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე ზემოქმედებას შეეცადა, რათა მას უკრაინულ კომპანიასთან აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის კავშირების შესახებ გამოძიება დაეწყო.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი დემოკრატებმა 18 დეკემბერს დაამტკიცეს. როდის შედგება იმპიჩმენტის განხილვა სენატში, ჯერ უცნობია. რესპუბლიკელებს სურთ, რომ სენატში აღნიშნულ საკითხს მოწმეების დაკითხვის გარეშე უყარონ კენჭი. დემოკრატები კი მოითხოვენ, რომ სენატში თეთრი სახლის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები წარდგნენ.