ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის მიზეზად ჩინეთის მიერ აშშ-დან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებისა და გაცემისთვის ხელშეწყობა სახელდება.
თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების დაწესების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მოლაპარაკებებმა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.
სანქციების რიგში შევა როგორც გაზრდილი ტარიფები, ასევე დამატებითი ზომები. ამერიკული მედიის ცნობით, საქმე ეხება 30-დან 60-მილიარდამდე მოცულობის ტარიფებზე ცვლილებას, ასევე აკრძალვებს, რაც ინვესტიციებს შეუშლის ხელს.
ეს გეგმა დიდი სავაჭრო ომის დასაწყისი შესაძლოა გახდეს, რადგან საუბარია იმაზეც, რომ აშშ ჩინეთის წინააღმდეგ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაშიც შეიტანს საჩივარს.
სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელმა, რობერტ ლაიტზერმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ „მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს ჩინეთზე, რომ ეს მინიმალურად აისახოს ამერიკელ მომხმარებლებზე“.
მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმნიშვნელოვანესია აშშ-ის ეკონომიკისთვის.