ტრამპი იმედოვნებს, რომ დაანონსებულ შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკურ რაკეტას აღარ გამოცდიან
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკურ რაკეტას მათთან დაანონსებულ შეხვედრამდე აღარ გამოცდიან.
„ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ გამოუცდია და მათ პირობა დადეს, რომ ჩვენ შეხვედრამდე ასე იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ პირობას პატივს სცემენ და ბოლომდე შეასრულებენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე რამდენიმე საათის წინ იაპონიის პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა. ჯერჯერობით უცნობია, სად და როდის გაიმართება შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, რაც ისტორიული მოვლენა იქნება.