შემოდგომა ნიუ იორკში წვიმიანია, თუმცა იმ ორშაბათ დღეს მზიანი დილა გათენდა. მანჰეტენზე ხალხმრავლობა იყო. მაშინ იქ მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ის დღე აშშ-ის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღედ იქცეოდა, 1973 წელს აშენებული 107-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენისგან კი აღარაფერი დარჩებოდა მტვრისა და ნგრევის საზარელი კადრების გარდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, 07:59-ზე ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოინგი 767 აფრინდა, რეისის ნომრით 11, მიმართულება ლოს ანჯელესი იყო, მაგრამ ის თვითმფრინავი ლოს ანჯელესში აღარ ჩასულა, რადგან ბორტზე ალ ყაიდას ტერორისტები იმყოფებოდნენ. მათი მიზანი იყო, მსოფლიოსთვის ისლამური რადიკალიზმის წიაღში შობილი ტერორიზმის ბუნება ნათლად წარმოეჩინათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ალ ყაიდა ამ თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა, უფრო მეტიც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსი ჯონ შინდლერი ამტკიცებდა, რომ ტერაქტისთვის მზადება ალ ყაიდამ 1996 წლიდან დაიწყო.
ტერორისტებს ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ – ტყუპი ცათამბჯენი მანჰეტენზე, პენტაგონის შენობა და პენსილვანია. ტერორისტული გაერთიანება ალ ყაიდას 19-მა წევრმა, მუჰამედ ატას მეთაურობით, 11 სექტემბრის დილას აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან ოთხი თვითმფრინავი ერთი საათის განმავლობაში გაიტაცა.
ბოსტონიდან აფრენილი ბოინგ 767-ის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. აფრენიდან 20 წუთში ამერიკის ავიახაზებისთვის ცნობილი ხდება, რომ თვითმფრინავი გატაცებულია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყურადღება რეისი 11-ისკენ არის მიპყრობილი, როცა ადგილობრივი დროით 08:20-ზე ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოინგი 757 აფრინდა. ამ თვითმფრინავზე მყოფი ტერორისტების სამიზნე პენტაგონია. იმავე პერიოდში, ბოსტონის აეროპორტიდან კიდევ ერთი ბოინგი გაიტაცეს, რეისით 175, მოგვიანებით კი პირველი თვითმფრინავის გატაცებიდან 50 წუთში, ნიუ იორკის აეროპორტიდან აფრენილ ბოინგ 757-ზე კონტროლს ტერორისტები ამყარებენ.
11 სექტემბრის ტერაქტის პირველი თავდასხმა ადგილობრივი დროით 08:46-ზე მოხდა, როცა ბოსტონის აეროპორტიდან გატაცებული თვითმფრინავი ტყუპი ცათამბჯენიდან ერთ-ერთს, ჩრდილოეთის კოშკს შეეჯახა.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მანჰეტენზე ჩამობნელდა. იმ დროს მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში მყოფი თვითმხილველები იხსენებენ, რომ ცა მთლიანად შავი კვამლით იყო დაფარული, ქუჩებში მყოფ ხალხს სუნთქვა უჭირდა, ალმოდებული შენობის ფანჯრებიდან კივილი ისმოდა.
პირველი შეჯახებიდან 18 წუთში ბოსტონიდან გატაცებული კიდევ ერთი თვითმფრინავი, ბოინგი 767-200 მეორე ტყუპ ცათამბჯენს – სამხრეთის კოშკს შეეჯახა. ტერაქტის აღსაკვეთად ჰაერში მყოფი ავიაგამანადგურებლების მიუხედავად, 09:37-ზე ტერორისტების სამიზნედ პენტაგონის დასავლეთ ფასადი იქცა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მთლიანად ნიუ იორკისკენ იყო მიპყრობილი.
დაახლოებით ნახევარ საათში კი მეოთხე თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 40 ადამიანი იმყოფებოდა, ტერორისტებმა პენსილვანიაში, სომერსეტში გამიზნულად ჩამოაგდეს.
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი 102 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო 102 წუთში ამოტრიალდა. ბოსტონის აეროპორტიდან ალ ყაიდას ტერორისტების მიერ პირველი ბოინგის გატაცებიდან საათ-ნახევარში მანჰეტენზე მდგომი ორივე ცათამბჯენი თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოიშალა.
დღეს მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე, სადაც 17 წლის წინ მსოფლიოს ყველაზე დაცულ მეგაპოლისში ორი ცათამბჯენი ნანგრევებად იქცა, შავი მარმარილოს მემორიალი დგას. კედლებზე იმ 2977 ადამიანის სახელია ამოტვიფრული, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა. ამერიკელი არქიტექტორის, პიტერ უოკერის მიერ აგებული მემორიალი სიმბოლურად ნგრევას გამოხატავს, ამიტომაც წყალი ქვებიდან ქვედა მიმართულებით ჩაედინება.
9/11-ის მეომორიალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა, ტრაგედიიდან ათი წლის თავზე. მას შემდეგ ყოველ 11 სექტემბერს ამ ადგილას, სადაც მემორიალი და 9/11-ის მუზეუმია, ათასობით ადამიანი გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოდის. მათ შორის არა მხოლოდ ტერაქტის დროს დაღუპულთა ახლობლები და თვითმხილველები, არამედ ის ადამიანებიც არიან, რომლებიც 11 სექტებერს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღედ მიიჩნევენ.
„თვითმფრინავის შეჯახების კადრები იმდენად მძიმე სანახავი იყო, დღესაც მგონია, რომ ფილმს ვუყურებდი და ეს რეალურად არ მომხდარა. ნიუ იორკში საცხოვრებლად ახალი გადმოსული ვიყავი, მაშინ ბრუკლინში ვცხოვრობდი და ჩემი ფანჯრიდან ჩანდა კვამლში გახვეული მანჰეტენი. ეს იყო დაუჯერებელი ტრაგედია.” – უთხრა ენ კილბორნმა პირველ არხს.
პროფესიით რეჟისორი ენ კილბორნი 18 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს. იგი ყოველ წელს გრინვიჩის ქუჩაზე ტყუპი ცათამბჯენის ნაცვლად აშენებულ 9/11-ის მემორიალთან მიდის. ეს მისი ტრადიციაა, ისევე როგორც ბევრი ამერიკელის, რომლებსაც 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი დილა სამუდამოდ დაამახსოვრდათ.
ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში მეთექვსმეტე წელია სამ სხვადასხვა ადგილას – თეთრ სახლში, ნიუ იორკსა და პენსილვანიაში ერთდროულად იმართება. წლევანდელი ცერემონია ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწო. ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ყველა თაობას ერთნაირად შეეხო, მათთვისაც კი, ვინც 2001 წელს მოზარდი იყო, 11 სექტემბრის ტერაქტი ენით აღუწერელ ტკივილთან ასოცირდება.