აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა პირველი დოკუმენტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის საქმის გამოძიებას ეხება
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა პირველი დოკუმენტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის საქმის გამოძიებას ეხება

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა პირველი დოკუმენტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტისა და მის შემსრულებლებთან საუდის არაბეთის მთავრობის შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებას ეხება.

შესაბამისი განკარგლება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ნაწილობრივ დარედაქტირებულ 16-გვერდიან დოკუმენტში აღწერილია კონტაქტები თვითმფრინავის გამტაცებლებსა და მათ საუდელ მოკავშირეებს შორის, თუმცა არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ 11 სექტემბრის თავდასხმებთან საუდის არაბეთის მთავრობას რამე სახის კავშირი ჰქონდა.

20 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებში საუდის არაბეთის შესაძლო როლის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროვებას ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახები ითხოვდნენ. თავად ერ-რიადი ტერაქტთან ყველანაირ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ში საუდს არაბეთის საელჩო აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის იყო 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების გარშემო გამჭვირვალობის მომხრე და მიესალმება აშშ-ის მიერ თავდასხების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების ინიციატივას.

11 სექტემბრის თავდასხმების სერიის 19 შემსრულებლისგან 15 საუდის არაბეთიდან იყო. აშშ-ის სამთავრობო საგამოძიებო კომისიამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ საუდის არაბეთი პირდაპირ აფინანსებდა „ალ-ქაიდას“.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტერაქტის შემდეგ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სასამართლოს დაახლოებით 2 500-მა გარდაცვლილის ოჯახემა და 20 ათასზე მეტმა დაშავებულმა მიმართა, ასევე სხვადასხვა კომპანიებმა.

აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.