მძიმე და რთული დღის შემდეგ, მრავალი ადამიანისთვის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება ცხელი შხაპის მიღებაა.
აღმოჩნდა, რომ ზუსტად ასე იქცევიან იაპონური მაკაკები, რომლებსაც „თოვლის მაიმუნებსაც“ უწოდებენ.
ჟურნალ Primates-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ცხელ აბაზანაში სტრესის მოხსნის მეთოდს მაიმუნებში მართლაც აქვს ეფექტი.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ცხელ ტბორში მაკაკები ზამთარში იმიტომ ჩადიან, რომ უბრალოდ სცივათ. გაირკვა, რომ აბაზანის მიღებისას, მათ ორგანიზმში ეცემა სტრესის ჰორმონის დონე.
კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარი რაფაელა ტაკეშიტა კოლეგებთან ერთად იკვლევდა 12 მდედრ მაკაკას.
ჯიგოკუდანის მაიმუნთა პარკის ბინადარ ამ მაკაკებს ზამთარში სქელი ბალანი ეზრდებათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად თამამდება, რომ პარკის ტერიტორიაზე მდებარე ცხელ წყაროებში ჩადის.
მათი ასეთი ქცევა მკვლევრებმა პირველად 1963 წელს შენიშნეს, როცა ერთ-ერთი სასტუმროს სიახლოვეს, ცხელ წყალში მოლივლივე ახალგაზრდა მდედრი დაინახეს.
დაკვირვებათა შედეგად გაირკვა, რომ ასე იქცეოდნენ სხვა მაიმუნებიც, ოღონდ მხოლოდ ცივ სეზონზე, დაახლოებით მარტის ბოლომდე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მაკაკების მთავარი მიზანი გათბობა იყო.
2003 წლისთვის დადგინდა, რომ ცხელ აბაზანებს რეგულარულად იღებდა მდედრი მაკაკების 31 პროცენტი.
სიცივე უბრალოდ არაკომფორტული როდია. დაბალ ტემპერატურაზე, ადამიანის ორგანიზმში სტრესის ჰორმონები გამოიყოფა. იგივე ხდება მაიმუნებშიც.
გამომდინარე იქიდან, რომ ცხელი აბაზანა ადამიანის ორგანიზმს სტრესის ჰორმონის რაოდენობის შემცირებაში ეხმარება, ტაკეშიტამ და მისმა კოლეგებმა იფიქრეს, რომ იგივე სიტუაცია უნდა ყოფილიყო მაკაკების შემთხვევაშიც.
მეცნიერები მაკაკებს ზამთარში და გაზაფხულზე აკვირდებოდნენ. რეგულარულად აგროვებდნენ მონაცემებს მათი სახეების შესახებ, რათა დაედგინათ სტრესის ჰორმონის დონე.
გაირკვა, რომ ცხელ წყაროებში ძირითადად დომინანტი მდედრები ჩადიოდნენ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აბაზანას ისინი იყენებდნენ როგორც შეზღუდულ რესურსს.
დადგინდა ისიც, რომ ამ მდედრებს საკმაოდ მაღალი ჰქონდათ სტრესის ჰორმონის დონე, რაც ძლიერ აგრესიულობაში გამოიხატებოდა.
თუმცა ბანაობისას, განსაკუთრებით კი ზამთრის სიცივეში, სტრესის ჰორმონის დონე იკლებდა.
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცხელ წყალს, ადამიანების მსგავსად, მაიმუნებშიც აქვს სტრესის შემამცირებელი ეფექტი. თოვლის მაიმუნთა ცხელ წყალში ბანაობის ეს უნიკალური ქცევა კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ იყენებენ ქცევით მოქნილობას სიცივის სტრესთან საბრძოლველად, რასაც სავარაუდოდ, გავლენა აქვს რეპროდუქციასა და გადარჩენაზეც“, — წერია კვლევაში.
მომზადებულია The Japan Times-ის მიხედვით.