თორნიკე შარაშენიძე - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არ არის
თორნიკე შარაშენიძე - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არ არის

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არ არის, ალბათ, უფრო ის არის, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში პრობლემად რჩებოდა – გაჭირვება, სოციალური პრობლემები, რაც ჯერ არ გამოსწორებულა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჯერ კრიზისი პოლიტიკურში არ გადაზრდილა. ქვეყანაში ვითარება საკმაოდ მშვიდია, უფრო მშვიდი, ვიდრე 2010–2011 წლებში იყო. სიტუაცია უფრო დალაგებულია, ხალხი არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასე ვთქვათ მშვიდად უყურებს, პროტესტის სერიოზული მუხტი არ არსებობს და ქუჩაში სერიოზულ პროტესტს ვერ ვხედავთ, მაგრამ მეორე მხრივ, ამ მთავრობამ ვერ მოაგვარა ის პრობლემები, რომლებიც წინა ხელისუფლებამაც ვერ მოაგვარა. ესაა უკიდურესი გაჭირვება, რომელშიც ქვეყანა კვლავ არსებობს“, – განაცხადა შარაშენიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თორნიკე შარაშენიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე ობიექტური წყაროებით უნდა ვიმსჯელოთ.

„არსებობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის მაჩვენებლებში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ არც თუ ისე მკვეთრად, მაგრამ მაინც, წინ წაიწია. ჩვენ მაშინაც ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ვიმყოფებოდით და ახლაც ამ კატეგორიაში ვართ, მაგრამ ცოტათი ავიწიეთ. პროგრესი არის. ამას ორი ყველაზე სერიოზული წყარო, „ეკონომისტი“ და „ფრიდომ ჰაუსიც“ მოწმობს. თუ ეს პროგრესი გაგრძელდა, დაახლოებით, ორ-სამ წელიწადში შესაძლოა, არასრულყოფილი დემოკრატიების კატეგორიაში გადავინაცვლოთ, რაც პრინციპში, ცუდი არ არის, რადგან რეგიონში დემოკრატიის მხრივ კატასტროფა ხდება და ამ ფონზე ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად გამოვიყურებით“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, მართალია, ოპოზიცია აცხადებს, რომ კატასტროფა ხდება, მაგრამ ამას არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, არამედ წინა და იმის წინა ხელისუფლების დროსაც მიჩვეული ვართ.

„2011 წელს თინა ხიდაშელმა გამოაცხადა, რომ საქართველო ტოტალიტარული ქვეყანაა. სინამდვილეში, ტოტალიტარული ნამდვილად არ იყო, რადგან ტოტალიტარიზმი ადამიანის პირადი ცხოვრების კონტროლს ნიშნავს, რა ფილმს უნდა უყუროს, რა წიგნი წაიკითხოს და ა.შ. ტოტალიტარული მაგალითად, საბჭოთა კავშირი იყო. პრესა 24 საათის განმავლობაში წერდა, რომ სააკაშვილმა ვიღაცას ფეხი მოაჭამა, ვიღაცას მოამტვრია და ა.შ, ტოტალიტარულ ქვეყანაში კი, ასეთი რამეები არ ხდება“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.