თორნიკე შარაშენიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფაქტების ერთობლიობას ვაბრალებ, მით უმეტეს, თუ მართალია ხმები, რომ კვირიკაშვილის მოხსნას აპირებდა
თორნიკე შარაშენიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფაქტების ერთობლიობას ვაბრალებ, მით უმეტეს, თუ მართალია ხმები, რომ კვირიკაშვილის მოხსნას აპირებდა

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ფაქტების ერთობლიობას ვაბრალებ; მით უმეტეს, თუ მართალია ხმები, რომ ის კვირიკაშვილის მოხსნას აპირებდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ხმებს პრინციპში, ინფრასტრუქტურის მინისტრის გაშვებაც ადასტურებს. ოდესღაც, სწორედ ინფრასტრუქტურის მინისტრი გაუშვეს და მას ღარიბაშვილიც გაჰყვა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გაწმენდის პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა და აპირებს, ეს გააკეთოს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობის გაწმენდა ალბათ, ცოტა რისკიანი იქნება და თუ ამას აპირებს, ეს სწრაფად უნდა განახორციელოს“, – განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, დიდი ხანია კარგად ჩანს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ერთმანეთს დაერია, ამას ისიც ემატება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და „ქართული ოცნება“ კანდიდატზე ვერაფრით ჩამოყალიბდა.

„აშკარაა, რომ კვირიკაშვილი პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს. არადა, უცხოეთთან მისი კონტაქტების გამო ეს ლოგიკური იქნებოდა. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი კანდიდატები მაინცდამაინც არ მოეძებნება. შედარებით ძლიერი ფიგურა კალაძეა, მაგრამ ის თბილისის მერია და პრეზიდენტის სავარძელში ასე უცებ გადახტომა ძნელად წარმოსადგენია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებს სხვა სპეციფიკა აქვს, ადმინისტრაციული რესურსი იმხელა როლს არ თამაშობს და მთავრობის კანდიდატის დამარცხება უფრო იოლია.

„თუ ადამიანს მოსახლეობაში ცნობადობა და რაღაც ქარიზმა აქვს, მთავრობის კანდიდატმა რაც არ უნდა დიდი ფული ჩაყაროს, შესაძლოა, ამან ვერ იმოქმედოს“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.