თორნიკე შარაშენიძე - საინტერესოა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებია
თორნიკე შარაშენიძე - საინტერესოა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებია

ჩემი აზრით, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამები, რაც აფხაზებთან შერიგების მიზნით კეთდება, ემოციურად და გაუაზრებლად კეთდება, – განაცხადა პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სამწუხაროდ, ჯერ დალაგებული არ არის, ამ სტრატეგიის შედეგად რა მივიღეთ, ან რას მივიღებთ. ჩემი აზრით, ამისთვის უფრო კრეატიული ნაბიჯებია საჭირო. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ დღემდე საინფორმაციო ბლოკადა ვერ გავარღვიეთ. ისინი ინფორმაციას რუსული წყაროებიდან იღებენ, ჩვენ კი, ალტერნატივა ვერანაირად ვერ შევქმენით. როცა საქმე პროპაგანდას ეხება, ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან და ღმერთმა ქნას, რუსულ ტელეარხებს პირველ რიგში, პროფესიონალიზმით გავუწიოთ კონკურენცია. ამას სერიოზული მუშაობა, სერიოზული რესურსები და რაც მთავარია, საუკეთესო კადრები დასჭირდება“, – განაცხადა შარაშენიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუწყობს თუ არა ხელს ახალი ინიციატივები აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესს, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ენგურთან სავაჭრო ცენტრი მუშაობს, სადაც აფხაზები დიდი ხანია გადმოდიან, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველების მიმართ მტრობის გრძნობა მათ არ გაუნელდათ. ასევეა უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან რამდენიმე ათასმა აფხაზმა უკვე იმკურნალა, მაგრამ ჯერ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საქართველოში დაბრუნება ავტომატურად მოუნდებათ.

„არჩილ თალაკვაძეს ყურადღებით ვუსმენდი, რადგან ეს თემა ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, მინდა გაღრმავდეს, მაგრამ საინტერესოა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებია აგებული?!“ – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, აფხაზების შემორიგება ასე მარტივად ვერ მოხდება, ოს ხალხთან შერიგება კი, უფრო მარტივი იქნება.

„იმას, რაც ომით მოიპოვეს, აფხაზები ასე ადვილად არ დათმობენ. ჩემი აზრით, მუშაობა ოსებთან გაცილებით უფრო იოლი იქნება. ამ ორ კონფლიქტს განსხვავებული ისტორია აქვს. აფხაზეთის კონფლიქტი ძალიან მძიმე, სისხლისმღვრელი იყო. ეს ომი აფხაზებმა მოიგეს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოსები კი, 70–იან, 80–იან წლებში ქართველებთან ინტეგრაციას ძალიან სწრაფად გადიოდნენ. პირველი სერიოზული შეცდომა ზვიად გამსახურდიამ დაუშვა, როცა ისინი გააუცხოვა. მერე იყო ძალიან მძიმე ტრაგედია, 2008 წლის ომი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოს ხალხთან შერიგება უფრო მარტივი იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, ამას რუსებიც კარგად ხვდებიან და ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, მთლიანად შემოღობეს“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.