თორნიკე მამალაძე - მეუფე დიმიტრი ცილისმწამებელია, პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრაზე ინფორმაცია მაქვს ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ მას
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მისივე თქმით, პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მეუფე ანდრია გვაზავამაც დაადასტურა.
ამ კომენტარით თორნიკე მამალაძე მეუფე დიმიტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.
„პატრიარქი და პრეზიდენტი რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ამ თემაზე ისაუბრეს, ეს მეუფე ანდრია გვაზავამაც დაადსტურა, უბრალოდ არ დაადასტურა შინაარსი, რაზეც მე ვსაუბრობ. პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა რომ გაიმართა და დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით საუბარი იყო, მეუფე დიმიტრის შეუძლია, მეუფე ანდრია გვაზავას განცხადება გადაახვიოს და კარგად მოუსმინოს.
მეუფე ანდრია გვაზავა ამბობს, რომ ის თავად ესწრებოდა ამ შეხვედრას. მეუფე დიმიტრი ცილისმწამებლური განცხადებებით გამოდის ჩვენი მისამართით, როდესაც ვამბობ, რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა შედგა, არ ვიტყუები, ვინაიდან მაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ ესწრებოდა მას. მეუფე დიმიტრი არის ცილისმწამებელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვიდან გამოსული ადამიანი ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს“ ,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
თორნიკე მამამლაძის განმარტებით, პრეზიდენტმა პატრიარქს ჰკითხა, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით როგორ მოქცეულიყო.
„პრეზიდენტმა ჰკითხა პატრიარქს, მამალაძესთან დაკავშირებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულს რა უნდა მოემოქმედებინა, რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ თუკი მას მამალაძის შეწყალების სურვილი ექნებოდა, ეს დღემდე მოხდებოდა, წინა პრეზიდენტსაც სთხოვდა ამას, მაგრამ ამის სურვილი არ გააჩნია“ ,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.