დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლო პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება
დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლო პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა ნომერ 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადების საკითხზე „იემსის“ იურისტების მოთხოვნაზე.

სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლე ლილი მსხილაძემ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ითხოვდა სხდომის ჩატარებას. მან ასევე პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი წაიკითხა, საიდანაც მისი განცხადებით, ირკვევა, რომ მსჯავრდებულს სხდომაზე დასწრება არ სურს.

„სასამართლოს ჰქონდა მზაობა, საჯაროდ მომხდარიყო აღნიშნული საქმის განხილვა და პროცესები ჩატარებულიყო საქალაქო სასამართლოში, მაგრამ მოვიდა წერილი სამკურნალო დაწესებულებიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მსჯავრდებულს არ სურს დასწრება და სასამართლო პროცესებზე გამოცხადება. წერილიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდის 18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებულია ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილებაში. დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებულად არ ითვლება, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ მსჯავრდებული პირადი მოტივით უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ასეთი წერილი გვაქვს მოსული დაწესებულებიდან და თვითონ დაწესებულება მოგვმართავს თხოვნით, იმ მოტივების გათვალისწინებით, რომელიც კანონშია განმარტებული, ასევე თვითონ მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის უხერხულობა, მიმართავს სასამართლოს, რომ საქმის განხილვა ჩატარდეს მეთვრამეტე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ამ ფორმით მოგვივიდა ჩვენ წერილი. ჩვენ უკვე საქმის ძირითად განხილვას ჩავატარებთ ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა მოსამართლე ლილი მსხილაძემ.

სასამართლო პროცესის სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებაზე მოსამართლის გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში გააპროტესტა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

„გუშინ ჩემმა ძმამ არც იცოდა, რომ სასამართლო სხდომა იყო, მე ვუთხარი როცა შევედი. თქვენ არ გნებავთ, როგორც მთავრობას, რომ ჩემი ძმა გამოჩნდეს და დაინახონ თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო დღევანდელმა მთავრობამ. თქვენ ხართ სამი წლის წინანდელი ბუგიანიშვილი, რომელმაც უკანონოდ მიუსაჯა ცხრა წელი. თქვენ მიზანმიმართულად აკეთებთ ამას, რადგან არ გსურთ, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩემი ძმა. თქვენ ხართ ქალბატონი, რომელიც მსახურობდით საპატრიარქოში, თქვენ ხართ მონა როგორც საპატრიარქოსი, ასევე „ქართული ოცნების”, – მიმართა მოსამართლეს თორნიკე მამალაძემ.

საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს არის სასამართლოს უპატივცემულობა. მისივე განცხადებით, მათ სურდათ სასამართლო სხდომები ჩატარებულიყო საჯაროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკანოზის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე თავიდანვე ეს სხდომა ჩატარდებოდა სამკურნალო დაწესებულებაში. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სხდომა 5 მარტს გაიმართება.