შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა
შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

„რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს, აქაც ვიხელმძღვანელე მთავარი პრინციპით, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას ითხოვს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება უპირველესად სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას. „საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში, და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს ამოქმედდა.