მეუფე იოანე ჟურნალისტებს - მაინტერესებს, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით
მეუფე იოანე ჟურნალისტებს - მაინტერესებს, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მეუფე იოანე გამრეკელი მორიგ განცხადებას აკეთებს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დაინტერესდა, ჟურნალისტები რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით.

მეუფე აცხადებს, რომ სინოდმა უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მიმართვა ძალაში რჩება.

„მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გუშინ პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.