თორნიკე მამალაძე - ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან
თორნიკე მამალაძე - ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, ადვოკატებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

თორნიკე მამალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად და გაათავისუფლოს გიორგი მამალაძე პატიმრობიდან.

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემს ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ, თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.

მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება, იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა, დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი, არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას! სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით“, – წერს თორნიკე მამალაძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.