თორნიკე აბულაძე - „ვარკეთილში“ მომხდარს დადებითადაც უნდა შევხედოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შემდგომში უფრო დიდი მსხვერპლი ავიცილოთ
ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ მოდით, მომხდარს სხვა, დადებითი კუთხით შევხედოთ, – განაცხადა „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მომხდარს დადებითადაც უნდა შევხედოთ, რადგან ეს შემთხვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ შემდგომში უფრო დიდი მსხვერპლი ავიცილოთ და ამ ყველაფრის მკაცრი ინსპექტირება მოვახდინოთ. ეს პირველი და მეორე, ის, რაც მოხდა, პროცესში ჩართული ყველა პირისთვის ძალიან მძიმეა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა აბულაძემ.
მისი თქმით, ხელის გაშვერა არავიზე არ შეიძლება, რადგან იქ ბევრი სხვადასხვა საკითხი შეიძლება იყოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს თუ არა საქართველოში სტანდარტი, რაც მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში სავალდებულოა, თორნიკე აბულაძემ თქვა, რომ დღეს არსებული ნორმები საბჭოთა სისტემაშია ჩარჩენილი და არ მოქმედებს.
„დიდი კომპანიები ამას შიგა რეგულაციებით ასე თუ ისე ითვალისწინებენ. თუმცა, კანონმდებლობის დონეზე ეს ყველაფერი გაწერილი არ არის“, – განაცხადა აბულაძემ.
როგორც „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღეს გარკვეული სტანდარტების მიღების პროცესში ვართ და მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ცოტა ხნის წინ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, 600–გვერდიანი დოკუმენტი, სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტი მივიღეთ. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს მშენებლობის კოდექსზე მუშაობა. ეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი საკანონმდებლო ქოლგაა, რომელიც სხვადასხვა სტანდარტებსა და წესებს მოიცავს. მათ შორის, ერთ–ერთი სერტიფიცირებაა, რაც ხარისხის კუთხით სტანდარტებისა და საკადრო რესურსის შექმნას გულისხმობს“, – განაცხადა თორნიკე აბულაძემ.