ირაკლი ბენდელიანი - ვემიჯნები მოსაზრებას, რომ მომხდარში მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობა იკვეთება
ირაკლი ბენდელიანი - ვემიჯნები მოსაზრებას, რომ მომხდარში მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობა იკვეთება

კატეგორიულად ვემიჯნები მოსაზრებას, რომ მომხდარში მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობა იკვეთება, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თუმცა, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ როცა საუბარი სარემონტო სამუშაოებზეა და დამკვეთი კონკრეტულ ტექნიკურ დავალებას განსაზღვრავს, მასში დეტალურად გაწერილი ვერ იქნება, იქ შესაცვლელი რა არის და რა – ახალი გასაკეთებელი. თუ ეს ყველაფერი ტექნიკური დავალების დონეზე განისაზღვრა, მაშინ პროექტი საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, თუ კონსტრუქცია მყარი არ არის, რაზეც ჭერი უნდა დამაგრდეს, ეს შესაძლოა, ძნელად მისახვედრი იყოს ტრანსპორტის კომპანიის ოფისში მჯდომი თანამშრომლისთვის, რომელიც ტექნიკურ დავალებას წერს.

„ეს შესაძლოა, პროექტირების ეტაპზე განისაზღვროს, ხოლო თუ პროექტირება ამას არ ითვალისწინებს, მაშინ – უშუალოდ შესრულების მომენტში“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.