ირაკლი ბენდელიანი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ საქმე გვქონდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან
ირაკლი ბენდელიანი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ საქმე გვქონდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან

მეტრო „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი გარკვეულწილად, ხორციელდებოდა თუმცა, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, განხორციელებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მარტივად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცალსახად, საქმე გვქონდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან. გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული პირების, ან კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვის მიერ, რა ეტაპზე მოხდა შეცდომის დაშვება, ამის დასკვნას გამოძიება დადებს. ჩვენ კი, ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება გვექნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა მერია ინფორმირებული, რომ მეტრო `ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის დამონტაჟება იგეგმებოდა, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მერიის სისტემაში შემავალი სატრანსპორტო კომპანია ცალსახად იყო ინფორმირებული და როგორც საპროექტო დოკუმენტაციის, ასევე მშენებლობის დაკვეთაც ამ კომპანიის მიერ განხორციელდა.

„შესაბამისად, ის, რომ იქ შეკიდული ჭერის გაკეთება ვიღაცისთვის სიურპრიზი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბევრ მეტროსადგურში ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობდა, მაგრამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი მეტროსადგურია, სადაც შეკიდული ჭერის გაკეთება მოხდა“, – განაცხადა ბენდელიანმა.

გადაცემის წამყვან მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა მერია შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესაბამის საექსპერტო დასკვნას, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ სამუშაოების დაწყების პირველივე დღიდან, მოცულობით და ხარისხობრივ ნაწილში ზედამხედველობის განხორციელებას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მუნიციპალური ლაბორატორია ახდენს.

„არ ვამბობთ, რომ ამ ნაწილში ყველაფერი იდეალურ წესრიგშია. ამას ვაღიარებთ და დღესვე დავიწყეთ მუშაობა ხარისხობრივ ნაწილში ყურადღების გამახვილებასა და ახალი სტრუქტურის შემოღებაზე. შესაძლოა, მოხდეს როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის გაძლიერება, ასევე – საერთაშორისო ან ადგილობრივი საზედამხედველო კომპანიების ჩართვა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტის სიდიდე–სირთულეზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი