თორნიკე აბულაძე - მეტროსადგურში ე.წ. ქოლგა უნდა შეცვლილიყო თუ არა, ეს დამკვეთი სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია იქნებოდა
თორნიკე აბულაძე - მეტროსადგურში ე.წ. ქოლგა უნდა შეცვლილიყო თუ არა, ეს დამკვეთი სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია იქნებოდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. ქოლგა უნდა შეცვლილიყო თუ არა, ეს ყველა ვარიანტში დამკვეთი სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია იქნებოდა და არა კომპანია „გეომეფის“ აღმასრულებელი დირექტორის, – ამის შესახებ „კომპანია არსისა და მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მშენებლობა მთელი ჯაჭვია. პირველი საკითხია, სწორად არის თუ არა დავალება გაცემული. პროექტამდე, კომპანია „გეომეფი“ ქოლგის შეცვლის საჭიროებას ვერ დაადგენდა. როცა დამკვეთი დავალებას იძლევა, მას არსებული სიტუაციის საწყისი მასალები აქვს და კომპანიას ეუბნება, რომ ეს, ან ის უნდა. როგორც ვხვდები, დამკვეთის დავალებაში არსებული ჭერის გამოცვლაზე, შეკიდულ ჭერზე იყო საუბარი“, – განაცხადა აბულაძემ.

მისი თქმით, მეორე საკითხია, პროექტანტმა პროექტი სწორად შეასრულოს. ანუ, ის გააზრებული და დათვლილი იყოს, ხოლო ამის შემდეგ შემსრულებლის პასუხისმგებლობა იწყება.

„შემსრულებელი, ამ შემთხვევაში,„ყვარელრემმშენი“ რამდენიმე პოზიციაზეა პასუხისმგებელი. მის მიერ განხორციელებული სამუშაოები პროექტანტის დაკვეთასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მშენებლობის პროცესში პროექტანტი მოდის და ტექნიკურად ნახულობს, სქემა, ანკერები, კონსტრუქცია და ა.შ. შეესაბამება თუ არა იმას, რაც მან დახაზა. როგორც ჩანს, კომპანია „გეომეფს“ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება დავალებული არ ჰქონდა და შესაბამისად, ეს მშენებლის პასუხისმგებლობაზე, ანუ კეთილსინდისიერებაზე რჩება“, – განაცხადა აბულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, კომპანია „ყვარელრემმშენმა“ ყველაფერი კეთილსინდისიერად შეასრულა, მაგრამ მის მიერ მიღებული მასალა, რომელიც ვიღაცამ მიაწოდა, დაკვეთით განსაზღვრულ მასალას არ შეესაბამებოდა.

„ცალკე სარკვევია, უფრო იაფიანი მასალა მშენებელმა გამოიყენა, თუ ხარვეზი იმას ჰქონდა, ვინც ეს მასალა მიჰყიდა“, – განაცხადა თორნიკე აბულაძემ.