ტიტიკაკას ტბაში ინკებზე უფრო ძველი, იდუმალი ცივილიზაციის სარიტუალო ნივთები აღმოაჩინეს
ასობით წლის წინ, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ინკები მბრძანებლობდნენ. კოლუმბის გამოჩენამდე, მათი იდუმალი იმპერია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საზოგადოება იყო მთელ ამერიკაში.
თუმცა, დიდი ხნით ადრე, სანამ კოლუმბიიდან ჩილემდე გადაჭიმულ რეგიონში ინკები გამოჩნდებოდნენ, ანდების ამ რეგიონში ყვაოდა კიდევ უფრო იდუმალი, უძველესი საზოგადოება.
ამ უძველეს იმპერიას ტიუანაკუს უწოდებდნენ, მაგრამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. განვითარების პიკში, ამ სახელმწიფოში სავარაუდოდ მხოლოდ 10 000-20 000 ადამიანი ცხოვრობდა.
ეს მწირი დეტალებიც კი, რაც ტიუანაკუს ხალხისა და მათი დიდი ხნის წინ გაუჩინარებული კულტურის შესახებ ვიცით, მომდინარეობს არქეოლოგიური აღმოჩენებიდან. ახლახან, მეცნიერებმა მათ შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.
ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბაში მდებარე მზის კუნძულის სიახლოვეს, პირველი სისტემატიური არქეოლოგიური წყალქვეშა ექსპედიციის დროს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ჩაძირული სარიტუალო არტეფაქტები, რომლებიც ზებუნებრივ ღვთაებებს ეძღვნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში რელიგია იმაზე გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე გვეგონა.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, ხოსე კაპრილსის განცხადებით, მზის კუნძულს ხალხი ხშირად უკავშირებს ინკებს, რადგან ის მნიშვნელოვანი პილიგრიმული ადგილი იყო მათთვის და თანაც, მთელი კუნძულის მასშტაბით ინკებმა არაერთი საცერემონიო ადგილი დატოვეს.
თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიანაკუს ხალხი, რომელიც ტიტიკაკას ტბის მიდამოებში ახ. წ. 500-1100 წლებში განვითარდა, პირველი კულტურა იყო, რომელმაც ამ რეგიონში რელიგიური ღვთაებებისადმი მიძღვნილი კვალი დატოვა.
ტიტიკაკას ტბის ამ ზონაში 19-დღიანი ექსპედიციისას, კაპრილსმა და მისმა ჯგუფმა სკანირებისთვის ჰიდროლოგატორი და 3D ფოტოგამეტრია გამოიყენა.
ტბიდან დანალექების აღების შედეგად, მათ აღმოაჩინეს პუმას ფორმის საკმევლის საფრქვევები. დეპოზიტებში მიაგნეს ხის ნახშირის ფრაგმენტებს, ოქროს, ნიჟარებისა და ქვების მრავალ ორნამენტს.
მიჩნეულია, რომ ტიუანაკუს ხალხისთვის პუმა მნიშვნელოვანი რელიგიური სიმბოლო იყო. ოქროს ორ მედალიონზე გამოსახულია პუმას გასხივოსნებული სახე, რომელიც მეცნიერთა აზრით ეძღვნებოდა მათი რელიგიური იკონოგრაფიის მთავარ მითიურ ფიგურას — ღვთაება ვირაკოჩას.
არქეოლოგთა თქმით, ღვთაებებისადმი განკუთვნილი ეს ძღვენი (თარიღდება ახ. წ. VIII-X საუკუნეებით), ტბის ფსკერზე შემთხვევით არ მოხვედრილა და მას რიტუალების დროს, ნავებიდან წყალში განგებ ყრიდნენ.
მიღებულ ნიმუშებში არქეოლოგებმა ასევე იპოვეს თევზების, ამფიბიებისა და ფრინველების ძვლები, რომლებიც მათი აზრით, ბუნებრივი გზებით მოხვდა წყალქვეშ.
თუმცა, გამონაკლისია ერთი ცხოველი. არქეოლოგებმა წყალქვეშ ასევე აღმოაჩინეს ოთხი პატარა ლამას ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, ძეგლის სიახლოვეს დაკლეს და შემდეგ, სპეციალური რიტუალის ფარგლებში წყალში ჩაყარეს — როგორც ღვთაებებისათვის განკუთვნილი ძღვენი.
ამ უძველეს რიტუალთა შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ტიანაკუს ხალხი მათ ასრულებდა, უკვე მიუთითებს მათი იმპერიის განვითარებასა და დახვეწილობაზე.
როგორც კვლევაში წერია, რიტუალებს სავარაუდოდ მხოლოდ მცირე, ელიტური ჯგუფი ატარებდა. სიმბოლური ჟესტები კი კომპლექსურ საზოგადოებაზე მიუთითებს, რომელიც სავარაუდოდ, ანდების რეგიონის სხვა საზოგადოებებთან თანამშრომლობასაც ეძებდა.
დაახლობით 500 წლის შემდეგ, ამ რეგიონში ინკები გამოჩნდნენ, რომლებმაც უზარმაზარი იმპერია შექმნეს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.psu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.