თეთრი სახლი - დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგება
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე შედგება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
მარტის დასაწყისში, შეხვედრასთან დაკავშირებით კიმ ჩენ ინის ინიციატივის შესახებ თეთრი სახლის ლიდერს სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსნებმა აუწყეს. მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის ისტორიულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში სამიტის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენჯერმე დადგა. 24 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამიტი გააუქმა. მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებები დაასახელა, რომლებიც თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ღია მტრობას შეიცავდა. თუმცა მალევე ისტორიულ სამიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.