„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს
„როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს

მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ასეთი შეხვედრები Shangri-La-ს უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად ხდება.

დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გასულ წლებში არ გასაჯაროებულა. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი იყო წარმოდგენილი. მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩინეთისა და ინდოეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. შეხვედრას არ ესწრებოდა რუსეთის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის იყო უკრაინის ომი და ტრანსნაციონალური დანაშაული.

„როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ შეხვედრა იყო თანამშრომლობითი და არა – კონფრონტაციული. სინგაპურის უსაფრთხოების მთავარ დიალოგში 49 ქვეყნის 600-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა. სამი დღის განმავლობაში გაიმართა პლენარული სესიები, ასევე დახურულ კარს მიღმა – ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები.