ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ვაქცინაციის ჯგუფები მუშაობენ.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის ცენტრში ერთდროულად მუშაობს ამცრელთა ექვსი ჯგუფი.
„ვცრით ყველა ტიპის ვაქცინით „სინოფარით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“. მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია, მოგვმართოს, მიიღოს დახმარება და აიცრას მისთვის სასურველი ვაქცინით. დღიურად ამ ცენტრს შეუძლია 2000 მოქალაქეზე მეტის გატარება. ეს ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ყოველდღე შესვენებისა და დასვენების დღეების გარეშე. მოქალაქეს შეუძლია, მოვიდეს, ჩადგეს ცოცხალ რიგში, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დამხმარე პერსონალი გვყავს, ფაქტობრივად რიგში დაყოვნება არ ხდება, გაიაროს ადგილზე ოპერატორთან რეგისტრაცია, შემდეგ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, დაასახელოს მისთვის სასურველი ვაქცინა და აიცრას. დაწესებული 30-45 წუთი გაატაროს ძალიან კომფორტულ გარემოში და შემდეგ ვაქცინირებულმა დატოვოს სივრცე. ეს არის ძალიან კარგი შანსი, რომ ბოლო მოვუღოთ ამ პანდემიას და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, ტექნიკური უნივერსიტეტში გახსნილ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში დილიდან უკვე 200-ზე მეტი მოქალაქე აიცრა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დღეს დილიდან გაიხსნა მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მობრძანდეს და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს არის ნამდვილად დიდი სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. აქვე გეტყვით, რომ ეს ცენტრი 10:00 საათზე გაიხსნა და ორ საათზე ნაკლებ დროში უკვე 200-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე არის მოსული და ვაქცინირებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, მეტად იაქტიურონ, მოვიდნენ და აიცრან, ეს არის ჩვენი ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა“, – განაცხადა წოწკოლაურმა.