ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა - მადლობა ყველა სტუდენტს, თანამშრომელს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისთვის
ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა - მადლობა ყველა სტუდენტს, თანამშრომელს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისთვის

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა. როგორც ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, უნივერსიტეტში რექტორის მიწვევით იმყოფება.

კასიანოვმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის მოწვევით ვიმყოფები. საუბარი მქონდა ამ მნიშვნელოვანი მაღალსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებთან და სტუდენტებთან. კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა სტუდენტის, მასწავლებლისა და თანამშრომლის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისთვის, რომელიც მიეწოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ ყველაზე რთულ პერიოდში. დღესაც, როდესაც მოვედით ამ ბიბლიოთეკაში, ვხედავთ, რომ ბევრი პროფესორი და მასწავლებელი ყიდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წიგნებს და მთელი ფული მოხმარდება უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას. როგორც ყოველთვის ვამბობთ, ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო. მადლობელი ვარ ყველასი, ყველა სტუდენტის გულუხვი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რა დროსაც საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის გაცვლით პროგრამებზე.

„რექტორთან ვისაუბრეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რუსეთ-უკრაინის ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, ჩვენ გვექნება გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები, რათა ვიხილოთ გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული მეტი უკრაინელი ბავშვი. ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს ბავშვებსა და სტუდენტებს, რომ არასდროს უნდა დანებდე, არასდროს შეჩერდე მიღწეულზე, უნდა გააგრძელო სწავლა, იყურო ჰორიზონტს მიღმა. ჩვენ უნდა ვესაუბროთ სტუდენტებს და ვიფიქროთ, როგორ გავხსნათ აზოვისა და შავი ზღვები, როგორ გავაგრძელებთ ვაჭრობას, რადგან ამჟამად საზღვაო მიმოსვლა სრულად ბლოკირებულია; როგორ გავვითარდებით, როგორ მოხდება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ნატო-სთან რა პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმებს შეგვიძლია მივაღწიოთ, რათა ვიყოთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.