თეოდორ მელეშკანუ - საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც მის მაგალითს გამოიყენებენ
თეოდორ მელეშკანუ - საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც მის მაგალითს გამოიყენებენ

საქართველო მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან და ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ საქართველოს მაგალითს, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თეოდორ მელეშკანუმ ბრიუსელში.

პირველი არხის კითხვა ეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაწყებიდან საიუბილეო წელს, დაგეგმილ ღონისძიებებს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

რუმინეთმა 6 თვით ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება და მათი მხარდაჭერაა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი და უპირველესი პრიორიტეტია. მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ამოქმედების 10 წლის იუბილეს.

ჩვენი ამოცანაა, გავაანალიზოთ და შევაჯამოთ განვლილი გზა, ჩვენი პოლიტიკა იყო წარმატებული თუ არა,  ასევე გავიხედოთ მომავლისკენ და დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები პარტნიორებთან. შევეცდებით, კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები გვქონდეს. მოვამზადებთ დოკუმენტის პროექტს და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება.

აღმოსავლეთ პარტნიორებიდან ვხედავთ განსხვავებას იმ ქვეყნებს შორის, ვისაც მოწერილი აქვს ხელი ასოცირების შეთანხმებაზე. ასეთია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ უნდა აქცენტი გავაკეთოთ ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე და ამ შეთანხმებებზე ავაგოთ სამომავლო ნაბიჯები. პერსპექტივა აქვს ყველას, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიც საქართველოს მაგალითს გამოიყენებენ,”- განაცხადა თეოდორ მელეშკანუმ.