ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში - ევროკავშირი, გაერო-ს სააგენტოები და ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებენ
ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში. ევროკავშირმა, გაერო-ს ოთხმა ორგანიზაციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში, ტელემედიცინის აღჭურვილობა უკვე სოფლის 50 სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდა. მათ შორის ერთ-ერთია სოფელ ქვემო მუხროვანის ამბულატორია, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მაქლიმ დაათვალიერა.
მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
სამწლიანი 4.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს „კოვიდ-19“ პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთლეობისა და კეთილდღეობის დაცვასა და ხელშეწყობას.