ევროკავშირი, გაერო-ს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ
ევროკავშირი, გაერო-ს ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრო ციფრული ჯანდაცვის ახალ პროექტს იწყებენ

ევროკავშირმა (EU), გაერო-ს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირისა და გაერო-ს ახალი ინიციატივის ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით, სოფლად 200 დაწესებულება აღიჭურვება ძირითადი აპარატურით, დამატებით 50 დაწესებულება – ტელემედიცინის აპარატურით, რაც ასევე უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში.

„კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავებაში საქართველოს მოსახლეობის დახმარება ევროკავშირის პრიორიტეტს წარმოადგენს პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ამ ინოვაციური პროექტითა და გაერო-ს პარტნიორებთან თანამშრომლობით, იმედი გვაქვს, მივწვდებით საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს. კარგი ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და იმედი გვაქვს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი.

„პირველადი ჯანდაცვა არის ის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებებს ჯანმრთელობის კუთხით და ეს აისახება როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე შემდგომში, რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაზე. ჩვენ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ტექნოლოგიებზე. ამ ტექნოლოგიებთან ერთად არის დაგეგმილი პერსონალის ინტენსიური გადამზადება, რომელიც ასევე არის დაწყებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარისხს. ამ სიახლით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ არამხოლოდ კონსულტაციის მიღებას, არამედ შესაძლებელი ხდება, ვიწრო სპეციალისტების ჩართულობით, პაციენტებისთვის კონკრეტული დიაგნოზის დასმა და დანიშნულების გაცემა. სამინისტრომ ძალისხმევით აღნიშნული უკვე დაინერგა 50 სოფლის ამბულატორიაში, ამ პროექტის დახმარებით კი წლის ბოლომდე უკვე 100-ზე მეტ ამბულატორიაში იქნება ​ტელემედიცინის აღჭურვილობა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლისა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს თქმით, პირველადი ჯანდაცვის დონეზე „კოვიდ-19“-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და​ ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება. ამავდროულად, ის უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის პანდემიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში. პროექტი ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“-ის კრიზისის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას საქართველოს მოსახლეობასა და ჯანდაცვის სისტემაზე.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ერთობლივი პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი და ჯანსაღი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ტელემედიცინის შესაძლებლობებით დაშორებულ პუნქტებში პაციენტებისათვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

პროექტი „საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას საქართველოში ტელემედიცინის სერვისების დანერგვა/განვითარებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. აღნიშნული დახმარება ქვეყანაში „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მიზნებისთვის ევროკავშირისა და გაერო-ს მიერ გაწეული დახმარებისა და, ასევე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის (UHC) პარტნიორობის ფარგლებში WHO-ს მიმდინარე ტექნიკური დახმარების განუყოფელი ნაწილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებისა და საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების მხარდასაჭერად.

„პროექტი გაეროს ოთხი პარტნიორის (WHO, UNFPA, UNICEF, UNOPS) მიერ განხორციელდება WHO-ს ხელმძღვანელობით, რომლებიც შესაბამის სფეროებში დაგროვილი საექსპერტო ცოდნითა და მაღალი ეფექტურობით ხელს შეუწყობენ ინიციატივის საერთო მიზნის, კერძოდ, ხარისხიანი ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სერვისების საშუალებით ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემაზე „კოვიდ-19“ პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირების მიღწევას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის უკეთ აღდგენას პოსტკოვიდურ პერიოდში.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.