ირაკლი ღარიბაშვილი - წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს
ირაკლი ღარიბაშვილი - წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს

წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  სოფლის ამბულატორიების აღჭურვა ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი შეეხება პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს და ასევე პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.

„რაც შეეხება კორონავირუსის მართვას ჩვენს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, შემოვიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია და პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე მოსახლეობის ვაქცინაცია სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი