ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე
ეკატერინე ტიკარაძე - ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე

ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც  ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

„ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პროგრამის „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების გარდა, ცვლილებები დაფინანსებისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემებს შეეხება.

„დაფინანსების ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულებას იღებენ, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

მისი თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობასაც, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად ცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება ახალ სამედიცინო ტექნოლოგიას – ტელემედიცინაზე დაყრდნობით  პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით კვლევის ჩატარება, პაციენტის  ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, ასევე დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უმოკლეს დროში დროშია შესაძლებელი.

მინისტრმა ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის, იმერეთის რეგიონში. ეს ეხება საქართველოს მასშტაბით 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის მე–4 შერეული პოლიკლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაც დაინტერესდა, შეხვდა პოლიკლინიკის დირექტორს, ნინო ჩალაძეს და მედპერსონალს. საუბარი შეეხო მუნიციპალური პოლიკლინიკის არსებობის მნიშვნელობას, რომელიც ქალაქის ორ დიდ უბანს ემსახურება და ასევე, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გამართვის აუცილებლობას.

დატოვე კომენტარი