მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს
მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს

მცხეთა-მთიანეთის მხარე გაფართოებული ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. ამ ეტაპზე რეგიონში მოქმედებს სოფლის 11 ამცრელი ამბულატორია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი, ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის.

ასევე, თერთმეტივე ამცრელი ამბულატორია წინასწარ შემოწმებულია და უზრუნველყოფილია ე.წ. ცივი ჯაჭვის რეჟიმით.

მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ შეუძლიათ.

სოფლის ამცრელ ამბულატორიებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

„სასიხარულოა, რომ მცხეთა-მთიანეთის სოფლების მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციის პროცესში უკვე მაღალი ჩართულობა შეინიშნება. გეგმაში გვაქვს, რომ მიმდინარე დღეებში რაიონულ დიდ ცენტრებში დავამატოთ ამბულატორიები, სადაც მოქალაქეებისათვის ვაქცინაციის პროცესი ბევრად კომფორტული გახდება. მათ აღარ მოუწევთ შორ მანძილზე გადაადგილება და ვაქცინის ცენტრალურ ქალაქებში გაკეთება. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ყველა ჩაერთოს, რადგან ეს „კოვიდ 19“-ის დამარცხების ერთადერთი გზაა“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისთვის, მცხეთა-მთიანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამცრელი ამბულატორიები, სადაც ვაქცინაციაა შესაძლებელი, ჯამში მხარის 97 სოფელს ემსახურება.

საჭიროებიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ვაქცინაციისთვის სოფლის ამბულატორიები ეტაპობრივად დაემატება.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.