თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, შეწყალებისას გათვალიწინებული იყოს დანაშაულის გამეორების რისკი, ასევე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანია, შეწყალებისას გათვალიწინებული იყოს დანაშაულის გამეორების რისკი, ასევე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა და რა ტიპის აქტს გამოსცემს, რას გაიზიარებს და რას არა, ეს წინასწარ ვერ გვეცოდინება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა შეწყალების თემაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა თავისი ბრძანებულების პროექტი, ეს  და პრეზიდენტის თხოვნა, რომ შეგვესწავლა პროექტი, დიდხანს უპასუხოდ არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომაც, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოს პრეზიდენტისთვის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებების პოზიციები და მოსაზრებები პირისპირ, პირადად გაგვეზიარებინა. გვეთქვა, მაგალითად ის, რომ ჩვენ მომავალში ვერ მივემხრობით დევნილი პირის შეწყალებას, რადგან რაც არ უნდა უსამართლოდ ვთვლიდეთ, რომ პირი არის ძებნილი, მნიშვნელოვანია, რომ იმ პირებს, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ და სასჯელს იხდიან საპატიმროში, არ გაუჩნდეთ განცდა, რომ თავი რომ აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის, უკეთესი იქნებოდა. ასევე, ჩვენ მას გავუზიარეთ, რომ შეწყალებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნას მიღებული მომავალი რისკები ანუ სოციალური რისკი, მაშინ როდესაც პირი დატოვებს საპატიმროს, რამხელაა, რა ხარისხისაა რეციდივის რისკი და საზოგადოებისთვის საფრთხე თავიდან ხომ არ შეიქმნება. ამას, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალი ადამიანები ვერ შეაფასებენ. ის პროფესიონალებმა, სოცმუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა უნდა შეაფასონ. ასევე, ჩვენ ვუთხარით, რომ მნიშვნელოვანია შეწყალებისას, მაგალითად, ისეთი პატიმრების ინტერესების მხედველობაში მიღება, რომლებსაც უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, არ ეხებათ ეგრეთ წოდებული უდო. როგორც არჩილ თალაკვაძემ უთხრა პრეზიდენტს, ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვთვლით, რომ პატიმრობა არის შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ახლა ველოდებით აქტის გამოცემას პრეზიდენტის მხრიდან და შემდეგ პატიმრებს, რა თქმა უნდა, მიეცემათ უკვე ნათელი ხედვა იმისა, ვის რისი უფლება აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, შეიქნება თუ არა შეწყალების კომისია, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

„საბოლოოდ რა იქნება, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რომ ჩვენი პოზიციები და მოსაზრებები საქართველოს პრეზიდენტს გავუზიარეთ. საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა შეწყალება და რა ტიპის აქტს გამოსცემს, რას გაიზიარებს და რას არა, ეს რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ ვერ გვეცოდინება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში რაიმე ტიპის კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს

„მით უმეტეს ოპოზიციის დაძახილზე, რადგან ეს ჩვენ ერთხელ უკვე გავაკეთეთ სარალიძის საქმეზე და რეალურად ამ ოპოზიციამ კომისიის შექმნით თავი მოიჭრა, პოლიტიკური გაგებით რა თქმა უნდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა „შეწყალების წესის შესახებ“ ბრძანებულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.